ABOUT

 

ოგესალმებით, მეგობრებო. თქვენ იმყოფებით ჩემს პერსონალურ ვებგვერდზე და ვინაიდან სიტყვა „ჩემს“ ამ წინადადებაში შესაძლოა ზოგიერთისათვის შედარებით უცნობ წევრად ჩანდეს, ვეცდები, რომ ჩემი თავი მოკლედ გაგაცნოთ.

ჩემი ცხოვრება ბანალურად დაიწყო – დავიბადე. მერე რადგან დავიბადე, ბარემ გავიზარდე კიდეც. ამჟამად ვცხოვრობ თბილისში, საქართველოში, კავკასიაში – ვსწავლობ „კავკასიის ბიზნესის სკოლაში“, საქართველოში, თბილისში. სწავლის საგანი მარკეტინგის მენეჯმენტია, ინტერესის საგანი გაცილებით მეტი: სიმღერა, მუსიკა, ინსტრუმენტებზე დაკვრა – პიანინოსა და გიტარაზე, მათ შორის. შეიძლება ითქვას, რომ მელოდია და ჰანგები ჩემი ჰობია.  ძალიან მიყვარს რეკლამების თვალიერება, როგორც print-ის ასევე ვიდეოს სახით. თუმცა, ვინაიდან „ჰობზე ჰობი არ დაილევაო“ ნათქვამია, უფრო დიდი ჰობიც მაქვს – ფოტოგრაფია, რომელმაც იმდენი იჰობა, რომ პროფესიაში გადაიზარდა ბოლოს.

 

არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მე არ ვყოფილვარ „იმნაირი“, ვისაც კისერზე „პროფესიონალი“ კიდია და ფეხებზე – ფაქტი, რომ სურათის გადაღება მარტო პროფესიონალის ყიდვა არ არის. ეგ კი არადა, თავიდან სურათებს სულაც სხვისი კამერით ვიღებდი. თუმცა, მერე მივხვდი, რომ როცა საქმე კამერას ეხება, ბევრად უკეთესია სიტყვა „ჩემი“, ვიდრე სიტყვა „სხვისი“ და ასე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში პირველი კამერა canon 350D. წამისა და თითის პარალელური დაჭერა ერთი სიამოვნება იყო. ვიღებდი ყველას და ყველაფერს, რაც არ იყო ობიექტივიდან გასაშვები. ვდებდი ფოტოებს საიტებზე, ვკიდებდი – გამოფენებზე, ვგზავნიდი – კონკურსებზე (წარმატებით, წარმატებით, წარმატებით – როგორც ლენინი იტყოდა… მიზეზი რომ ჰქონოდა). კიდევ უფრო მოკლედ რომ ვთქვა – ეს იყო ჩემი ცხოვრების ის ეტაპი, როდესაც გავიცანი ბევრი ნიჭიერი ადამიანი და შევიძინე როგორც უამრავი მეგობარი, ასევე დიდი ფოტოგრაფიული გამოცდილება, რამაც საფუძველი მომცა, რომ ახალ ეტაპზე გადავსულიყავი და უკეთესი აპარატურა შემეძინა. თავის მხრივ კი ამ ნაბიჯმა უკვე სპეციალური დაკვეთების შესრულების საშუალება მომცა.

რა თქმა უნდა, კარგია, როცა აკეთებ იმ საქმეს, რომელიც გიყვარს, მაგრამ როცა საყვარელი საქმის კეთებით, ფულსაც აკეთებ, კიდევ უკეთესია,. ამ მხრივ, ქორწილების შემოქმედებითი კუთხით გადაღება ჩემთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა და დღემდე წარმატებულია.

საიტზე, სადაც ახლა იმყოფებით, გალერეაში თქვენ ნახავთ ნამუშევრებს, რომელიც არის ჩემი, მხოლოდ ჩემი და არავისი, ჩემ გარდა. აქ არის, ის ფოტოსურათებიც, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა და ბევრი ახალი ფოტოც, რა თქმა უნდა. გარდა ამისა, პერიოდულად შემოგთავაზებთ საინტერესო თემებსა და ისტორიებს ფოტოგრაფიის შესახებ. ასე რომ დაიმახსოვრეთ ეს საიტი, მოიწონეთ ფეისბუქზე ჩემი გვერდი და დაიჭირეთ წამი, რომ არაფერი გამოგრჩეთ.

პატივისცემით,

დიტო თედიაშვილი